თბილისის ადამიანის უფლებათა სახლმა აზერბაიჯანელი უფლებადამცველების მხარდაჭერის პროექტი დაიწყო

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი წევრ  ორგანიზაციებთან პარტნიორობით 2017 წლის 1 ივლისიდან ახორციელებს პროექტს „აზერბაიჯანელი უფლებადამცველების მხარდაჭერა“.

პროექტის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია აზერბაიჯანიდან დევნილი უფლებადამცველების, ჟურნალისტებისა და აქტივისტების, ასევე მათი ოჯახის წევრების მხარდაჭერა და გაძლიერება, მათი ინტეგრაციის ხელშიწყობა საქართველოში. ამასთან, პროექტის ფარგლებში, მომზადდება ჟურნალისტური ნამუშევრები (პუბლიკაციები და სიუჟეტები) საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ აზერბაიჯანელებზე.

2014 წლიდან – დღემდე, აზერბაიჯანელი უფლებადამცველების მხარდამჭერი პროექტის ფარგლებში, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლმა დახმარება 100-ზე მეტ ბენეფიციარს გაუწია.

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი პროექტს წევრ ორგანიზაციებთან –  “ადამიანის უფლებათა ცენტრი”; “წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი”; “კონსტიტუციის 42-ე მუხლი”; “საფარი”; “ადამიანის უფლებებისა და კონფლიქტების კვლევის ცენტრი – კავკასია” და “მედიის ინსტიტუტი” – პარტნიორობით ახორციელებს, საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.